რუსთავის ერთ-ერთი ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

2021-10-18 11:56:01

რუსთავში, მეგობრობის მე-2 გასასვლელის N6 კორპუსში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა ზაზა ჯუსტიშვილმა განუცხადა, წლებია ამ კორპუსის მცხოვრებლებს საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა აწუხებთ. მისი თქმით, თვეში 5-6-ჯერ კანალიზაცია იჭედება და მასა ეზოებში მიწის ზედაპირზე ამოდის. მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართა ქალაქის მერიას, რუსთავის წყალსაც და სემეკსაც, თუმცა ზაზა ჯუსტიშვილის თქმით, სამსახურები ერთმანეთთან ამისამართებენ და პასუხისმგებლობას საბოლოო ჯამში პრობლემის მოგვარებაზე არავინ იღებს.

"თვის განმავლობაში 5-6-ჯერ იჭედება კანალიზაცია და მოჰყვება ფეკალიები. საექსპორტაციოდ უვარგისი მილებია, არის არასტანდარტული ზომის და დაზიანებულ მდგომარეობაში. შენობა, რომელშიც ადრე იყო ბაღი, გახდა სამოსახლო და საკანალიზაციო სისტემასაც დატვირთვა გაეზარდა. იქიდან წამოსული არასტანდარტული მილი ვეღარ უძლებს.

მივმართეთ განცხადებით მერიას, გვითხრეს, რომ ეს მათი გასაკეთებელი არ იყო და გადაგვამისამართეს სემეკსთან. საბინაო ამხანაგობაშიც ვიყავით მისული და კატეგორიული უარი გვითხრეს, ჩვენო მაგ საკითხით არ ვართ დაინტერესებულიო. სასამართლომდეც მივიდა ეს საქმე, ზეპირი განხილვაც იყო მერიაში. სემეკი გვეუბნება, რომ მერიაა პასუხისმგებელი, მერია ამბობს, რომ სემეკია. მაგ გადაწყვეტილებაშივეა ნათქვამი, რომ საბინაო ამხანაგობა იხსნის პასუხისმგებლობას. რეალურად დადიხარ წრეზე. ყველა ერთმანეთთან გვამისამართებს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა, ზაზა ჯუსტიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კომპანია "რუსთავის წყლის" დირექტორის მოადგილეს თემურ ჯანელიძესაც, რომლის თქმითაც, საკანალიზაციო სისტემა მოქცეულია წითელ ხაზებში და მათი რეაბილიტაცია კომპანიის კომპეტენცია არაა, თუმცა მოსახლეობის მხრიდან მათ ცხელ ხაზზე შედის გამოძახებები და ადგილზე მისული თანამშრომლები გაჭედილ საკანალიზაციო სისტემას წმენდენ ხოლმე.

"რამდენადაც საქმის კურსში ვარ ეგ მისამართი არის წითელ ხაზებში, რომელიც კორპუსის ამხანაგობაშია შესული. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის რეაგირება, როცა არის გამოძახებები. მოსახლეობა არაერთხელ გაფრთხილებულა, რომ ნუ ყრიან კანალიზაციაში არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს. კანალიზაციის სისტემა დაზიანებული რომ იყოს ვერც იმუშავებს. გაწმენდაც არ უშველიდა. რამდენჯერაც ჩვენები მივიდნენ ხან ტილოები ამოიღეს, ყველაფერი გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა. რაც წითელი ხაზების შიგნითაა, ამ ქსელის ექსპლუატაციას ვახორციელებთ, თუმცა მის შეცვლასა-განახლებასა და ახალი ქსელების მოწყობას ვერ ვაკეთებთ, რადგან კერძო ტერიტორიაა",- განაცხადა თემურ განაცხადა კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ.

რაც შეეხება რუსთავის მერიას, მუნიციპალურ სამსახურში, ააიპ "რუსთავის კორპუსში" აცხადებენ, რომ მათ აქვთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამხანაგობის მფლობელობაში არსებული საკანალიზაციო სისტემის განახლება. იგეგმება მეგობრობის მე-2 გასასვლელის მე-6 კორპუსის წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო სისტემის შეცვლაც, წლევანდელ ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო და სწორედ ამიტომ შემდეგი წლისთვის გაკეთდება.

"წელს პირველად ჩაიდო რუსთავის კორპუსის პროგრამებში წითელ ხაზებში მოქცეული გარე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. რამდენიმე ქუჩაზე შეიცვალა სისტემა, წელს რა რესურსიც გვქონდა თანხა აღარ გვეყო რომ აღნიშნულ მისამართზე ქსელი შეგვეცვალა. მომავალ წელს აუცილებლად გაგრძელდება ეს პროგრამა და ჩვენი მონაკვეთი რაც არის შევცვლით და დანარჩენს, იმედია, მიხედავს რუსთავის წყალი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ააიპ რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელმა დათო ხაჩიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები