"ლელოს" შეხვედრა რუსთაველ ამომრჩეველთან [photo]

2021-09-03 21:06:50

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი პარტია "ლელოდან" ნინო იმედაშვილი, პარტიის ლიდერთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, რუსთაველ ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა "ჩიკაგოს" სკვერში შედგა.

იმედაშვილმა და ჯაფარიძემ ამომრჩევლებს გააცნეს, რა მიმართულებები იქნება მათთვის პრიორიტეტული არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ნინო იმედაშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა რუსთაველების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთავის მოსახლეობასთან. ნინო იმედაშვილი არის უკიდურესად კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებია რუსთავში და როგორ უნდა მოხდეს მათი გადაჭრა ძალიან მოკლე ვადებში. გავაცანით რუსთაველებს ის გამოწვევები, რომელიც მთლიანად ქვეყანას აქვს და ავუხსენით რატომ არის აუცილებელი, რომ ჩამოვაშოროთ ქართული ოცნება მმართველობას, მათ შორის რუსთავში. ეს უნდა მოხდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ აქ კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრები ეფექტურად და რუსთაველების სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, იმისათვის, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს რუსთავში, რომ გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და მართლაც აღორძინდეს ეკონომიკური საქმიანობა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა აღნიშნა, "ლელოს" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ინვესტირება რუსთავში. 

"რუსთავს სჭირდება განახლება, რუსთავს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა და ლელო არის ზუსტად ის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქალაქს მოუტანს საქმიან ენერგიას. ლელოს ძირითადი პრიორიტეტები რუსთავში არის ინვესტირება ახალგაზრდებში, ხელმოკლე და წარჩინებული სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე, პირველი სამსახურის შეთავაზება წარჩინებული სტუდენტებისათვის, საუბარია ანაზღაურებად სტაჟირებაზე საკრებულოში. ხელმოკლე ოჯახებისთვის დახმარების ზრდა, რომელიც დღესვეა შესაძლებელი არსებული ბიუჯეტითაც, ლელოს პრიორიტეტია ეკონომიკის ზრდა და ბიუჯეტის ზრდა რუსთავში, რომელიც შესაძლებელი იქნება 2 მიმართულებით, ეს არის ადგილზე ხელის შემწყობი პირობების შექმნით ბიზნესისთვის, ბიუროკრატიული წნეხის შემცირებით და კორუფციის აღმოფხვრით. მათ, ვისაც მოუნდებათ საწარმოს გახსნა ან არსებული საწარმოს გაფართოება, ტერიტორიის გამოყოფით, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობით. ხოლოს, ცენტრალურ დონეზე ლელო გეგმავს 2 მილიარდიანი ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ადგილზე და ამ საინვესტიციო ფონდში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილს დაიკავებს სწორედ რუსთავი", - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

როგორც იმედაშვილი განმარტავს, პარტია გეგმავს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სწავლის საფასური დაუფინანსოს 1 000 სტუდენტს 2 250 ლარის ოდენობით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები