7 წლის რუსთაველით 3 ესპანური კლუბია დაინტერესებული

2021-08-18 00:05:13

რუსთაველი 7 წლის დაჩი მაზმიშვილის საფეხბურთო კარიერა სულ რაღაც 2 თვის წინ დაიწყო და მისით უკვე სამი დიდი ესპანური კლუბია დაინტერესებული.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბებთან სინჯებზე დაჩი აგვისტოს ბოლოს მიემგზავრება და რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, თუ სად გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას, მადრიდის რეალში, კატალონიის ბარსელონასა თუ ვალენსიაში.

გამგზავრებამდე "ინფო რუსთავი" დაჩის მამას ზურაბ მაზმიშვილს ესაუბრა, რომლის თქმითაც, იქამდე, სანამ დაჩით დაინტერესებას ესპანელი აგენტი გამოხატავდა, მოლაპარაკებები 7 წლის ფეხბურთელის დინამოს აკადემიაში გადაყვანაზე მიმდინარეობდა.


"ბავშვს აღმოაჩნდა ეს ნიჭი. 7 წლისაა და სულ რაღაც 2 თვე დადიოდა ფეხბურთზე. ჰქონდა შეჯიბრებები, ყველა წარმატებით მოვიგეთ, რის შემდეგაც დინამოსა და საბურთალოს საფეხბურთო აკადემიები დაინტერესდნენ, მიწვევები ჰქონდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დინამოს აკადემიასთან",- ამბობს "ინფო რუსთავთან" საუბრისას ზურაბ მაზმიშვილი.

ყველაფერი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ატვირთული დაჩის მიერ მოგებული თამაშების ვიდეოებით დაიწყო, სადაც ნათლად ჩანს 7 წლის ბიჭის ტალანტი.

დაჩიში ნიჭის აღმოჩენა არც ესპანელი აგენტს  გასჭირვებია, დრო არ დაკარგა და ბავშვის სინჯებზე დასაბარებლად სამ დიდ საფეხბურთო კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყო. შედეგად სამი გუნდიდან ერთი, ვალენსია სინჯების გარეშეც მზადაა 7 წლის დაჩისთან კონტრაქტი გააფორმოს.

რუსთაველი ფეხბურთელი ესპანეთში წასვლის გამო ძალიან ბედნიერია და სინჯებზე საერთოდაც არ ნერვიულობს, ყოველ შემთხვევაში ეს არ ეტყობა.

მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 თვის წინ დაიწყო ფეხბურთზე სიარული, უკვე იცის, რომ თამაში, მისი კუმირებივით, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა.


რომელ ესპანურ გუნდში გააგრძელებს 7 წლის რუსთაველი ტალანტი დიდი ფეხბურთის თამაშს სექტემბერში სინჯების შემდეგ გახდება ცნობილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები