რუსთავის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ქართული ოცნება დატოვა და ოპოზიციაში გადადის.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" თავად ლევან ონიანმა დაუდასტურა.
საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიის დატოვების მიზეზი საკადრო პოლიტიკა გახდა.
"მიზეზი არის საკადრო პოლიტიკა პირველ რიგში, იმ იდეებისა და იდეოლოგიის მკვეთრად ახვევა, რაც გვქონდა 2012 წელს, როცა ჩვენ მოვდიოდით. შემდეგში ეტაპობრივად მოხდა ის, რომ ვინც ჩვენ გვებრძოდა 2012 წელს ძალიან ლამაზად და კომფორტულად მოგვექცნენ სათავეში.
შესაბამისად, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სულისკვეთებით იყო და დარჩა 2012 წლის სულისკვეთებით. ასევე იმ ადამიანების დაუფასებლობა, რომლებმაც მართლაც დიდი ღვაწლი ჩადეს იმაში, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ნაცმოძრაობა მოეშორებინათ თავიდან",- განაცხადა ლევან ონიანმა.
ონიანის თქმით, ქართული ოცნების დღევანდელმა გუნდმა სახელმწიფოს განვითარებისა და დემოკრატიზაციის გზას გადაუხვია. მისი აზრით, ადამიანები მხოლოდ სკამების შენარჩუნებისთვის არ უნდა იბრძოდნენ.
"დიდი ხანია მაქვს პროტესტი გრძნობა და სხვადასხვა მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემმა აზრებმა ვერ გაიმარჯვა. შესაბამისად, იქ, სადაც არ გისმენენ შენი ადგილი არ არის",- ამბობს "ინფო რუსთავთან" საუბრისას ონიანი.
რუსთავის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პოლიტიკურ პარტიას "სახალხო პარტიას" უერთდება.