"თბილისი-რუსთავის მეტრო უნდა განხორციელდეს",- ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავში პარტიის "საქართველოსთვის" ოფისის გახსნაზე ისაუბრა.
ყოფილი პრემიერის თქმით, პარტიას რუსთავის განვითარების გეგმა ექნება, რომლის ძირითადი პროექტიც რუსთავი-თბილისის სარკინიგზო გზით დაკავშირება იქნება, რასაც არა მხოლოდ ამ ორი ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ეკონომიკური პოტენციალი ექნება.
"რუსთავისთვის ჩვენ გვექნება ცალკე განვითარების პროგრამა, რომელსაც განვიხილავთ ჩვენი პარტიის ახალ წევრებთან რუსთავიდან. მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროგრამას ძირითადი პრინციპი და მიზიდულობის ძალა იქნება რუსთავისა და თბილისის მაქსიმალურად ერთმანეთთან დაკავშირება. რუსთავისა და თბილისის აგლომერაციის შექმნა არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი მატარებელი, არა მხოლოდ რუსთავისა და თბილისისთვის, არამდე მთლიანად ქვეყნისთვის.
ეს იყო ძირითადი იდეა, როდესაც ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროდან ჩვენ დავიწყეთ ფიქრი მეტროთი დაკავშირების თბილისის ლილოსთან და შემდეგ რუსთავთან. თბილისი-რუსთავის მეტრო უნდა განხორციელდეს. ამ პროექტს ექნება არა მხოლოდ რუსთავის განვითარების გეგმაში არამდე ჩვენი პარტიის გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი დაკავებული და იქნება დამუშავებული დაფინანსების წყაროების მოზიდვისა და მოძიების დონეზე. სრულად იმპლემენტაციის დონემდე იქნება მიყვანილი",- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
გახარიამ უპასუხა "ინფო რუსთავის" კითხვას თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალთან დაკავშირებითაც, რომლის მშენებლობაც უკვე წლებია შეჩერებულია.
გახარიას თქმით, მაგისტრალთან დაკავშირებული პრობლემების მოუგვარებლობა მისი პასუხისმგებლობა იყო.
"რუსთავი თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი არც დაწყებულა და დამთავრებულა ჩემს დროს. უბრალოდ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთეთ იმ პერიოდში, ყველაზე დიდი პროგრესი იყო მაშინ. იქ არის მძიმე სოციალური პრობლემა, თავიდანვე არასწორად გაკეთებული პროექტის ნაწილში, რომელიც მართლა მძიმე პრობლემაა. ჩვენს საერთაშორისო დამფინანსებელთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ვმუშაობდით მაგრამ არ გამოვიდა და გაიწელა დროში.
ამიტომ არის იქ რეალური ობიექტური პრობლემები და მე არ მრცხვენია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პრობლემა ვერ მოვაგვარე. მაგრამ ეს პრობლემა ჩვენს რიგით მოქალაქეებთან იყო დაკავშირებული და მათ ინტერესებთან, რომლებიც რამდენიმე მაღალ სართულია კორპუსებში ცხოვრობენ",- ამბობს გახარიამ.
ვიდეო ნახეთ აქ