"ღამე არ გვძინავს, სულ რაღაცა ხდება"

2021-07-24 10:46:23

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ადგილზე კრიმინალური და საპატრულო  პოლიციის 4 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ამ ქუჩაზე მცხოვრებმა, გვანცა ნოდიამ განუცხადა, ხმაური და ჩხუბი ღამის საათებში მათი ყოველდღიურობაა, რისი მთავარი მიზეზი ქუჩაზე არსებული კლუბია.

მისი თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ძირითადად კლუბის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სტუმრებს შორის იწყება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კორპუსებში მოსახლეობას მუდმივად უწევს უცენზურო დიალოგებისა და ხმაური მოსმენა.

"ყოველ ღამე არ გვძინავს, სულ რაღაცა ხდება. თუ ჩხუბი არაა კლუბიდან გამოსულები მთვრალები  ისე მაინც ყვირიან, მაგრამ უმეტესად სულ ჩხუბია. არ არის დასახლებულ ადგილას  მიზანშეწონილი, თან ტაძრის წინ, ასეთი ობიექტის არსებობა. ყოველ ღამე განწირული ხმების მოსმენა, ჩხუბის ყურება და მათთან ერთად გათენება ყველას ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, ამას ხედავენ ბავშვებიც და ეშინიათ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გვანცა ნოდიამ.

ხმაურის გამო აღნიშნული ობიექტი რამდენჯერმე გააფრთხილეს და დააჯარიმეს კიდეც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ამას შედეგი არ გამოუღია და მოითხოვენ, დაწესებულება დაიხუროს.

"ინფო რუსთავი" მესხიშვილის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებასაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ სტრიპტიზ კლუბი ამ მისამართზე აღარ არსებობს და მათ დაწესებულებაში ბოლო პერიოდში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, რისთვისაც ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდებოდა საჭირო.

"აღნიშნულ მისამართზე სტრიპტიზ კლუბი აღარ არსებობს, მის ნაცვლად არის ბარი, სადაც ბოლო პერიოდში არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა და არც სამართალდამცავების გამოძახება არ გამხდარა საჭირო. ბარის გარეთ, ქუჩაში თუ რამე მოხდა ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები. მაქსიმალურად ვცდილობთ არსებული წესების დაცვას",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" ბარის წარმომადგენლებმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები