რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხმაური იყო. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა, რასაც მგზავრებისა და მძღოლის გაღიზიანება მოჰყვა.
პოლიციასა და მგზავრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე დამატებით კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა.
სამართალდამცავებმა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის 2 პირი დააკავეს.
დაკავების დროს ერთ-ერთმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება მაინც მოახერხეს.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მათ საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევიათ და ავტომობილში მხოლოდ მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
"პირველად გაგვაჩერეს, მძღოლი არ ყოფილა ნასვამი, გადაამოწმეს, საბუთები მწყობრში ჰქონდა და გაგვიშვა. გამოვიარეთ მცირე მანძილი, მუსიკა გვქონდა ჩართული, ხელები გვქონდა გადმოყოფილი, ვცეკვავდით და მაგის გამო გაგვაჩერეს, მაგის გამო დაიჭირეს, მაგის გამო გვემუქრებოდნენ ძვლებში დამტვრევით",- აცხადებს მგზავრი.
დაკავებულები პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.