რუსთავის ჭალის ტყის აღდგენაში საწარმო "აზოტი" ჩაერთვება

2021-07-18 12:13:27

რუსთავის "ჭალის ტყის აღდგენის" პროექტში მონაწილეობას "რუსთავის აზოტი" მიიღებს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, საწარმოს ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, გარკვეულ ტერიტორია გაამწვანოს.

"მათ აქვთ ძალიან კარგი შემოთავაზება და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჭალის ტყის აღდგენის უმნიშვნელოვანეს პროექტში მიიღონ მონაწილეობა და გარკვეული ტერიტორია სწორედ აზოტის ჩართულობით აღდგეს. ქალაქს ამით შეემატება კიდევ უფრო ლამაზი რეკრეაციული სივრცე", - განაცხადა ლაცაბიძემ "ინფო რუსთავთან".

როგორც "რუსთავის აზოტის" დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, ტერიტორიაზე მოაწყბენ საპიკნიკე ადგილებსაც.

"რუსთავის ადგილობრივ ხელისუფლებას და დეპუტატებს გააჩნიათ იდეა, რომ მოხდეს რუსთავის ტყეჭალის გამწვანება. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, 1 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება ავიღოთ საკუთარ თავზე. იქ მოხდება სხვადასხვა ნერგის დარგვა და ასევე საპიკნიკე ადგილბი მოეწყობა. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი წამოწყება და რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტი", - აცხადებს ბურდილაძე.

შეგახსენებთ, რუსთავში "ჭალის ტყის აღდგენის" პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების აქცია უკვე 2-ჯერ მოეწყო.