რუსთავში "ჭალის ტყის აღდგენა" დაიწყო [photo/video]

2021-04-09 19:22:43

რუსთავში ეკოლოგიური პროექტის - "ჭალის ტყის აღდგენის" პრეზენტაცია გაიმართა. [ვიდეო/video]

პრეზენტაციის ფარგლებში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო და 1000 ძირი ხის ნერგი დაირგო.

აკაციის, კაკლის, ნუშის, მუხის, ფიჭვისა და თელას ნერგები 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გადანაწილდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეციული სივრცის აღდგენის ინიციატივა რუსთაველ პარლამენტარს, ალექსანდრე დალაქიშვილს ეკუთვნის.

დალაქიშვილის თქმით, ეკოლოგიური პროექტების განხორციელება იგეგმება სხვა ლოკაციებზეც.

"რუსთავის ე.წ. ტყე-ჭალა 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტიურად გაიჩეხა, განადგურდა და ეს არის ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. მოგეხსენებათ, მტკვრის ნაპირია და ქალაქის ერთ-ერთ ძირითად ჟანგბადის წყაროს წარმოადგენს.

ეს რუსთავისთვის არ იქნება ასეთი დიდი ხასიათის ერთადერთი პროექტი, ჩვენ ასევე გარდაბანსა და რუსთავს შორის არსებული ტყის განახლება-აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კიდევ, რაზეც დონორებთან ვსაუბრობთ, იალღუჯის ფერდობზე რეკრეციული სივრცეების შექმნა", - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

როგორც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცცაბიძემ აღნიშნა, ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქი ერთიანია.

"გავერთიანდით ყველა, ვისაც გვიყვარს ეს ქალაქი. არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობას ვიკავებთ ან რა პოზიციაზე ვართ, ვართ სამთავრობო თუ არასამთავრობო გუნდის წარმომადგენლები. დღეს ყველანი ვართ ერთად იმისთვის, რომ ქალაქში გაუმჯობესდეს ეკოსისტემა. აქ ჩვენს ბავშვობაში იყო გაუვალი ტყე და მე იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი შვილები მოესწრებიან აღდგეს ტყის ფონდი, იყოს რუსთავის ჭალის ტყეები ერთ-ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მთლიანად საკუთარ თავზე აიღებს დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - იური ნოზაძემ,  რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ და რუსთაველმა ეკო მოხალისეებმა მიიღეს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები