სკამების გამო დაწყებული ხმაური რუსთავის საკრებულოში [video]

2021-06-04 16:03:12

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღეს ჩატარდა, ხმაურის ფონზე წარიმართა. [ვიდეო/video]

სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანსა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნანა შატბერაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ნანა შატბერაშვილმა სხდომაზე დააყენა ინიციატივა, რომ ეკონომიებით გამოთავისუფლებული თანხები ქალაქში არსებული, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ბავშვთა გასართობი ატრაქციონების რეაბილიტაციას მოხმარებოდა.

ინიციატივას შატბერაშვილმა თან დაურთო რეპლიკა იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საკრებულოს წევრები საკუთარი კომფორტისთვის 10 000 ლარს იხდიან სკამების შესაძენად, მსგავსი საკითხებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს თანხების გამოძებნა.

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა შატბერაშვილს უპასუხა, რომ ბავშვთა ატრაქციონების მოსაწესრიგებლად წინა წელს 200 000 ლარი, წელს კი 400 000 ლარი გამოიყო, რაც უსვამს ხაზს იმას, რომ რუსთავის თვითმმართველობის მიერ ამ კუთხით სტრატეგია შემუშავებულია.

რაც შეეხება სკამებს, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ წარმომადგენლობით ორგანოს სკამები პირადი კომფორტისთვის არ შეუძენია. მისი თქმით, ეს არა დეპუტატების, არამედ საზოგადოების საკუთრებაა.

გარდა ამისა, ონიანმა შესთავაზა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, რომ მათთვის სხდომათა დარბაზში 3 წითელი ფერის სკამი შეეტანათ.

"დიდ ბოდიშს გიხდით, რომ წითელი არ არის სკამები. შეგვიძლია შემოგატანოთ 3 წითელი ფერის სკამი და თქვენ იქ დასხედით", - აღნიშნა ონიანმა.

შატბერაშვილის თქმით, "უხერხულია, რომ რუსთავის საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც მსგავს პრობლემებს ფერების დონეზე განხილავს".

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს წევრებისთვის ახალი სკამების შეძენის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები