2026-10-27 18:01:23
"ჩემი შვილის ბაღში თითქმის ყველა ბავშვს კოქსაკის ვირუსი აქვს",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" 25-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა განუცხადა.
მისი თქმით, ვირუსი იმდენადაა მოდებული, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვების უმრავლესობაა ინფიცირებული.
"ჩემი შვილის ბაღში თითქმის ყველა ბავშვს კოქსაკის ვირუსი აქვს. ექიმთან რომ მყავდა, იქაც მითხრეს ძალიან არის მოდებულიო. 27 ბავშვიდან 20-ს ეს ვირუსი აქვს. მარტო ჩემი შვილის ბაღში კი არა, სხვა ბაღებშიც იგივე სიტუაციაა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მშობელმა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ვირუსის გავრცელების გამო რომელიმე ბაღში ჯგუფი ხომ არ დახურულა და კითხვის ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანებას მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ არცერთ ბაღში ჯგუფი ამ მიზეზით არ დახურულა. მათი თქმით, ბაგა-ბაღების ყველა ფილიალში სადეზინფექციო ღონისძიებები ტარდება.
"კოქსაკის სეზონური ვირუსით ინფიცირებული აღსაზრდელები მკურნალობის კურსს სახლში გადიან. ბაგა-ბაღების ყველა ფილიალში გეგმურად და უწყვეტ რეჟიმში ტარდება დასუფთავებისა და დეზინფექციის ღონისძიებები”,- აცხადებენ გაერთიანებაში.
კოქსაკის ვირუსი (Coxsackievirus) ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და განსაკუთრებით ხშირად ბავშვებში გვხვდება.
ვირუსი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში ან დაახლოებით ერთ კვირაში თავისით გაივლის.
ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან, ხველა, თავის ტკივილი და გამონაყარი. კოკსაკი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ დაავადებულ ადამიანთან ურთიერთობას და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.