რუსთავის საკრებულოს წევრები ახალ სკამებზე სხედან

2021-05-21 19:19:33

რუსთავის საკრებულოს წევრები ახალ სკამებზე სხედან.

დეპუტატებისთვის, სხდომებზე დამსწრე პირთათვის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისთვის ახალი სკამების შეძენაში საკრებულომ 9 398 ლარი დახარჯა.

"ინფო რუსთავის" კითხვას, რა აუცილებლობა იდგა გამოცვლილიყო ავეჯი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი პასუხობს, რომ ძველი სკამები დაზიანებული იყო და სხდომათა დარბაზში ამის გამო ადგილი რამდენიმე უხერხულ ინცინდენტსაც ჰქონდა.

"პასუხი ძალიან მარტივია. მოგეხსენებათ, ეს სკამები იყო ძალიან დიდი ხნის. რამდენიმე ინცინდენტიც მოხდა ამასთან დაკავშირებით. გატყდა კიდევაც 2 თუ 3 სკამი. სხვა მიზანი ნამდვილად არ გვქონია ავეჯის შეცვლის. აქედან გამომდინარე, სკამების შეძენაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ამ წუთას ზუსტი თანხა არ მახსოვს, თუმცა არ არის დიდი თანხა ნამდვილად. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ არსებული ვითარება, რადგანაც სკამები ჩვენთვის ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს", - განაცხადა ონიანმა. 

ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციაში, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოსთვის სკამების შესაძენად გამოაცხადა, ვკითხულობთ, რომ შეძენილია შედარებით მაღალი ხარისხის 4 საოფისე სავარძელი, აქედან 3-ზე, სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები სხედან.

ასევე, 65 საკონფერენციო სკამი, რომელთაგან 25, შედარებით მაღალხარისხიანი სკამი, განკუთვნილია დეპუტატებისთვის, დანარჩენი 40-ის გამოყენება კი, სხდომებზე დამსწრე პირებს შეუძლიათ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები