რუსთავის "რუსთავი" საქართველოს ჩემპიონია [video]

2021-05-27 21:37:52

რუსთავის საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საქართველოს ჩემპიონია. [ვიდეო/video]

ანატოლი ბოისას მიერ გაწვრთნილმა "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთის" დამარცხება სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრაშიც, ანგარიშით 88:94 შეძლო და ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სწორედ ანატოლი ბოისა დაასახელა, მას ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ასევე, სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა "რუსთავის" კალათბურთელი - მაიკ დევისი, რომელიც ამ ნომინაციაში გამარჯვებულად ჟურნალისტების, კომისრების, მსაჯებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

ცხადია, გამარჯვებას ამაღლებული განწყობით შეხვდნენ როგორც მოთამაშეები, ისე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანატოლი ბოისა. როგორც ბოისამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გუნდის წევრებს ყოველთვის სჯერათ გამარჯვებისა და ერთმანეთის, რაც სეზონის განმავლობაში მათი უპირატესობის განმაპირობებელი გახდა.

"ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა. მთელი წელი სწორი გზით მივდიოდით. ხაზგასმით ვიტყვი, რომ სამაგალითო ადამიანები, სამაგალითო სპორტსმენები არიან და ეკუთვნოდათ დღევანდელი გამარჯვება. ბოლომდე იბრძოლეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს გუნდში ყოველთვის სჯერათ გამარჯვების და გვერდში უდგანან ერთმანეთს", - განაცხადა ანატოლი ბოისამ.

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა. დღევანდელი მატჩი წყვეტდა როგორც "რუსთავის" ჩემპიონობის, ისე "ცხუმ-აფხაზეთისთვის" ბრძოლის გასაგრძელებლად შანსის მოპოვების ბედს.

მატჩის პირველ ნახევარში რუსთავის საკალათბურთო კლუბი აშკარა უპირატესობას ფლობდა და მისი გამარჯვებითაც, ანგარიშით 40:50 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში "ცხუმ-აფხაზეთის" მოთამაშეებმა განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინეს და სურათიც სრულიად შეიცვალა.

რამდენჯერმე ანგარიში გათანაბრდა, რამდეჯერმე კი მოიწინააღმდეგეებმა შეძლეს გადაესწროთ "რუსთავისთვის", თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბედი ბოლო 3-მა წუთმა გადაწყვიტა. 

მატჩის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე, "ცხუმ-აფხაზეთი" 86:84-ით სძლევდა რუსთავს, როცა ოსკარ ვაითის 2-ქულიანი გდება გუნდისთვის მორალური უპირატესობის მოპოვების წინაპირობა გახდა, შემდეგში ზურა ვაშაკიძის 3-ქულიანმა კი, მოპოვებული გამარჯვება "რუსთავს" ბოლომდე გააფორმებინა.

ჩემპიონი გუნდის მხრიდან თამაშის განმავლობაში ყველაზე მეტი, 21 ქულის მოპოვება კალათბურთელმა მაიკ დევისმა შეძლო. ხოლო მოწინააღმდეგეთა გუნდიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა ალექსანდრე ფევაძემ დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავმა" სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი 2 მატჩი სახლში, ანგარიშებით 76:60 და 74:71 მოიგო, მესამე შეხვედრა კი, გასვლითი იყო და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

"ინფო რუსთავი" რუსთავის საკალათბურთო კლუბს მოპოვებულ წარმატებას, რუსთაველებს კი, ჩემპიონის თასის ქალაქში წამოღებას ულოცავს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები