რუსთავმა ცხუმ-აფხაზეთს ისევ მოუგო [photo]

2021-05-24 23:25:16

საკალათბურთო კლუბმა "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ერთი ნაბიჯი დარჩა, რომ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვოს.

გუნდებს შორის ჩემპიონობისთვის ბრძოლის მეორე მატჩი ანგარიშით 74:71 დამთავრდა.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით სხვაობა შესამჩნევად შემცირდა და თამაშიც მეტად დაძაბული აღმოჩნდა. გუშინდელ შეხვედრის მსგავსად მეორე მატჩშიც პირველი ნახევარი სტუმრების მოგებით დასრულდა. დაძაბული იყო მეორე ნახევარი, დაპირისპირებული გუნდები ერთმანეთის მიერ მოპოვებული ქულების დაძლევას ცდილობდნენ და თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრეს, 69:69, თუმცა ანატოლი ბოისას კალათბურთელებმა მეტი ქულის მოპოვება შეძლეს და თამაში მათ სასიკეთოდ დაასრულეს.

"ცხუმ-აფხაზეთის" მწვრთნელმა "ინფო რუსთავთან" მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ დღევანდელი თამაში ძლიერებმა მოიგეს.

რუსთაველების მხრიდან მთელი თამაშის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულის, 27 ქულის,  მოპოვება კალათბურთელმა მალიკ ვაითმა შეძლო. ხოლო მოწინააღმდეგეთა გუნდიდან 15-15 ქულა დააგროვეს ალექსანდრე ფევაძემ და რაჰიმ ჯონსონმა.

ფინალური სერია 3 მოგებამდეა. შემდეგ, მესამე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე 27 მაისს უმასპინძლებს. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 შეხვედრა თბილისში 28 მაისს, ხოლო მე-5 მატჩი – 30-ში რუსთავში გაიმართება.

ცნობისთვის, საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საქართველოს სუპერლიგის ფინალში 11 წლის შემდეგ პირველადაა. 2009-2010 წლების სეზონში მათ ფინალში თსუ დაამარცხეს და მას შემდეგ ტიტულის მოგების შანსი აღარ ჰქონიათ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები