რუსთავმა ცხუმ-აფხაზეთს 76:60 სძლია [photo]

2021-05-23 20:51:22

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლაში "რუსთავმა" პირველ მატჩში "ცხუმ-აფხაზეთი" ანგარიშით 76:60 დაამარცხა.

თამაში რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

პირველი ნახევრის განმავლობაში უპირატესობა "ცხუმ-აფხაზეთის" ჰქონდა და მათ სასარგებლოდ ანგარიშით 32:36 დასრულდა. თუმცა ანატოლი ბოისას კალათბურთელებმა მეორე ნახევარში უპირატესობის დაძლევა მოახერხეს და საკმაოდ დიდი სხვაობით, 16 ქულიანი უპირატესობით, თამაში მათი გამარჯვებით დაასრულეს.

როგორც "ინფო რუსთავს" მოწინააღმდეგეთა გუნდის მწვრთნელმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა განუცხადა, საკალათბურთო კლუბმა "რუსთავმა" მეორე ნახევარში მათი მორალურად გატეხა შეძლო და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვა.

ანატოლი ბოისას განცხადებით კი, სახლში მოგებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი თქმით, თამაშის დროს მისმა გუნდმა დაუშვა შეცდომები და სწორედ მის გამოსწორებას შეეცდებიან შემდეგი შეხვედრისთვის.

"მოსალოდნელი იყო, რომ ფინალური სერია დაძაბული და საინტერესო იქნებოდა და ზუსტად ასეთი შეხვედრაც გამოვიდა. საშინაო კედლები ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში უფრო მობილიზებულები გამოვედით. უკეთ ვასრულებდით დაკისრებულ მისიას და შედეგმაც არ დააყოვნა...

ბევრი შეცდომა და წუნი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. შევეცდებით შემდეგ თამაშზე ეს წუნი გამოვასწოროთ. მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო გუნდი ვიყავით დაცვაში და შევეცდებით, რომ კარგი დაცვა ვითამაშოთ და ამის ხარჯზე მოვიპოვოთ შემდეგი გამარჯვებაც",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ანატოლი ბოისამ.

რუსთაველების მხრიდან მთელი თამაშის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულის, 17 ქულის,  მოპოვება კალათბურთელმა ჯილიან ვაშინგტონმა შეძლო. ხოლო მოწინააღმდეგეთა გუნდიდან ალექსანდრე ფევაძემ. მან თავის გუნდს 12  ქულა მოუტანა.

ფინალური სერია 3 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი 24 მაის 17:00 საათზე კვლავ რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში გაიმართება. მესამე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე 27 მაისს უმასპინძლებს. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 შეხვედრა თბილისში 28 მაისს, ხოლო მე-5 მატჩი – 30-ში რუსთავში გაიმართება.

ცნობისთვის, საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საქართველოს სუპერლიგის ფინალში 11 წლის შემდეგ პირველადაა. 2009-2010 წლების სეზონში მათ ფინალში თსუ დაამარცხეს და მას შემდეგ ტიტულის მოგების შანსი აღარ ჰქონიათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები