სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აპრილის თვეში რუსთავში 10 ობიექტი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის ხორცისა და სურსათის მაღაზიებია, რომელთაც 100-დან 1000 ლარამდე ოდენობის ფულადი სანქცია დაუწესდათ.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტების ნაწილი ფორმა ორის არ არსებობის, ნაწილი კი, სასურსათო მაღაზიებში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ერთ-ერთ დაჯარიმებულ ხორცის მაღაზია კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაიხურა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება აპრილის თვეში 227-მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 42 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.