ვახტანგ გზირიშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა

2021-04-24 12:14:01

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დაბადების დღეს, მის ბიოგრაფიაზე დაყრდნობით შექმნილი წიგნის - "არ დაიდარდო დედაოს" პრეზენტაცია და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

პრეზენტაციას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ვახტანგ გზირიშვილის თანამებრძოლები, დედა და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

"დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთ გმირს ვახტანგ გზირიშვილს, 33 წელი შეუსრულდებოდა. ნამდვილად საამაყოა, ის რომ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას ისეთი გმირები ჰყავს, როგორიც ვახტანგ გზირიშვილია. ჩვენ გვახსოვს და არასდროს ვივიწყებთ ჩვენს გმირებს, დღევანდელი საღამოც სწორედ იმას ემსახურებოდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რაოდენ დასაფასებელია ქვეყნის სადარაჯოზე დგომა. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, გამარჯვება და ძლიერება ჩვენს ქართულ ჯარს", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში, ვახტანგ გზირიშვილის ფოტოებისა და ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიება, ანსამბლ "ფიროსმანის" მიერ შესრულებული ქართული საგალობლით გაიხსნა.

შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით ვახტანგ გზირიშვილის დედამ მარინა გზირიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა, რუსთავის მერმა ირკალი ტაბაღუამ მიმართეს.

"დღეს ვახტანგის დაბადებიდან 33-ე წლისთავია. რუსთავის მერიის ორგანიზებით გამართულ საღამოზე ჩემი ვახტანგი კიდევ ერთხელ  გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, კლასელებმა, თანამებრძოლებმა, მისმა ქალაქმა და თავდაცვის სამინისტრომ. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ვახოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის "არ დაიდარდო დედაო პრეზენტაციამინდა, მინდა  კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სარამოს დაესწრო", - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.

მარინა გზირიშვილმა სტუმრებს წიგნი - "არ დაიდარდო დედაო", საჩუქრად გადასცა.

2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ვახტანგ გზირიშვილი მეტყვიამფრქვევე იყო, ის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა.  გარდაცვალების შემდეგ, მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამ, მარინა გზირიშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდი – "ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების" ჩამოაყალიბა. ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია,  უშუალოდ ქალბატონი მარინას ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს  ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.