რუსთავში სამართალდამცავებმა ადვოკატი დააკავეს

2026-10-28 11:10:10

რუსთავში სამართალდამცავებმა ადვოკატი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე გენერალურმა ინსპექციამ საგამოძიებო მოქმედებების დროს დააკავეს ადვოკატი, რომელმაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს თანხა გამოართვა და დაპირდა, რომ თანხას სამართალდამცავებს გადასცემდა, რის შემდეგაც მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდებოდა.

დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს.
კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი. ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ.
გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა.
სამართალდამცველებმა ადვოკატი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.