რუსუდან კერვალიშვილმა რუსთავის ციხე დატოვა

2021-03-30 11:12:15

პირველი ემოცია? თავისუფლების ფასი არაფერია. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ჩიტია, - ამის შესახებ რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნამდვილად თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები ყველა პირი დაკმაყოფილდება.

„განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი - მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები... პროცესში ჩაერთვება მაია. მე ძალიან ბევრი წელია ჩამოშორებული ვარ პროცესიდან. 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველფერში გვერდით დავუდგები, ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად საპროცესო გარიგებას ველოდებით“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.