რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სამოქალაქო აქტივისტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქცია-პერფორმანსი ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოეწყო.
აქციის მონაწილეები თბილისში, პარლამენტთან შეიკრიბნენ და 21:00 საათზე ავტოკოლონებით რუსთავისკენ დაიძრნენ.
საგანგებოდ შერჩეულ დროს გამართულ აქცია-პერფორმანსს 2 მიზანი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მთავრობის მიერ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას და პარალელურად, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობის მხრიდან ე.წ. კომენდანტის საათის არ მოხსნა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, უფრო კონკრეტულად კი, პროტესტის ჩახშობისთვის ხდება.
სამოქალაქო აქტივისტებმა ნიკა მელია შეძახილებით გაამხნევეს. აქტივისტები მელიას სთხოვდნენ ენიშნებინა, ესმოდა თუ არა მათი.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციაზე გაჟღერდა სხვადასხვა სიმღერაც.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის პოლიცია.