რუსთავში 30 კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება [photo]

2021-03-24 18:09:44

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებშიც, რომლის გამარჯვებული კომპანიაც უკვე გამოვლენილია, იგეგმება რჩეულიშვილის, ჯავახიშვილის, ბერიტაშვილისა და ტოლსტოის ქუჩების შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია.

საერთო ჯამში 30 კორპუსის ეზო განახლდება.

სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე არსებულ სიტუაციას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, დავით რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ზაზა ზაზაძე და კომპანია "რუსთავის წყლის" დირექტორი, თემურ ჯანელიძე გაეცნენ.

"ტენდერი გამოცხადდა ჭყონდიდელის დასახლებაში 30 კორპუსის ეზოს მოპირკეთებასთან დაკავშირებით. უშუალოდ ეს არის რჩეულიშვილის N2-დან N16-ის ჩათვლით, ასევე მოიცავს ჯავახიშვილის, ბერიტაშვილისა და ტოლსტოის ქუჩებზე არსებული კორპუსების ეზოების ნაწილებს. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის რეაბილიტაცია, მოეწყობა ახალი. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს",- განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კომპანია "რუსთავის წყალი" აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელს შეცვლის, განახლდება მიწისქვეშა წყლის სისტემა და საკანალიზაციო ჭები.

საერთო ჯამში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 732 122 ლარი გამოიყო.