"ეს აღიარებაა, რომ შენი სკოლა ევროპის მოწინავე სკოლებს შორისაა"

2021-03-23 18:05:17

რუსთავის N4 საჯარო სკოლამ eTwinning-ის სკოლის სტატუსი მოიპოვა.

eTwinning-ის ფარგლებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ონლაინ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩართვის საშუალება ეძლევათ.

როგორც "ინფო რუსთავს" პროგრამაში ჩართულმა N4 სკოლის მასწავლებელმა, ნათია შევარდენიძემ განუცხადა, ევროპის სკოლებთან ერთად უკვე მუშაობენ პროექტზე "ოცნების სკოლა", რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობა, რომ შექმნან ისეთი სკოლა, როგორიც მათ წარმოუდგენიათ.

"ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ერვოპული სკოლები არიან გაერთიანებული. პროგრამით გაქვს საშუალება, რომ საერთო თანამშრომლობითი პროექტები დაგეგმო და განახორციელო სხვადასხვა სკოლასთან ევროპის მასშტაბით.

რამდენიმე წელია ჩვენი სკოლა ჩართულია ამ პროგრამაში, რამდენიმე მასწავლებელი აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ეტაპზე, დაწყებითებიდან დაწყებული მაღალი კლასებით დამთავრებული.

ვრცელი განაცხდია შესავსები. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილებაც უნდა მოხდეს, არის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ასევე მთავარია დირექციის მხრიდან მასწავლებლების ხელშეწყობა,  სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ონლაინ უსაფრთხოების დანერგვა.

წელს ვმუშაობთ პროექტზე "ოცნების სკოლა". მასში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, რომლის ფარგლებშიც ბავშვები თვითონ ქმნიან, როგორი უნდათ იყოს ოცნების სკოლა, მათ შორის სკოლის დიზაინი, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, გაკვეთილების ცხრილი. პროგრამის ფარგლებში ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან.
ეს ტიტული არის აღიარება, რომ შენი სკოლა არის ევროპის მოწინავე სკოლებს შორის.",- განუცხადა "ინფო რუსთავს
" ნათია შევარდენიძემ.

ტიტული მუდმივი არაა და მისი მინიჭება ყოველწლიურად ხდება, რის გამოც სკოლებს ყოველწლიურად უწევთ განაცხადის შევსება.

წელს საქართველოს მასშტაბით eTwinning-ის სკოლის ტიტულის მოპოვება 7-მა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ შეძლო. რუსთავის მასშტაბით კი მხოლოდ მე-4 საჯარო სკოლამ. სასწავლო დაწესებულებას eTwinning-ის სკოლის ტიტული მეორედ მიენიჭა.

eTwining-ი ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები