რუსთავში ვაქცინაცია შეჩერდა

2021-03-19 20:05:07

რუსთავში N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ისევე როგორც Pfizer-ის, მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება.

"ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდეს",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ვაქცინაციის პროცესი ქალაქში არსებულ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში განახლდება.

მისი თქმით, აცრები ქალაქის "ცენტრალურ საავადმყოფოში" ან კლინიკა "რუსთავში" ჩატარდება. შესაძლოა, პროცესი ორივე სამედიცინო დაწესებულებაში დაიწყოს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები