საპროტესტო აქცია ქუთაისში

2021-03-14 13:19:03

"რაც არ უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება აუცილებლად მშვიდობით და სიმართლით დავამარცხებთ მას",- ამ სიტყვებით მიმართა ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

მოედანზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა,  დაუყოვნებლივ შეწყდეს „ნამოხვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოები.

გოლეთიანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მათი მთავარი მოთხოვნები, რომელსაც კიდევ ერთი მოთხოვნა, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა დაემატა.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს უცხოელი ინვესტორის ხელში. მეორე მოთხოვნაა, გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. მესამე, რომ 2015 წლიდან გაცემული ყველა დოკუმენტაცია გაბათილდეს და საბოლოოდ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა",- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, 12 მარტს, ქუთაისში, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან დანიშნული შეხვედრა ნაადრევად დატოვეს.

რიონის ხეობის მკვიდრი და ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მინისტრებმა ამ საქციელით ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები