რუსთავში ახალი ტაძარი აკურთხეს [photo]

2021-03-11 14:25:45

რუსთავის ეპარქიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა.

მე-14 მიკრორაიონში, წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ახლადაშენებული ეკლესია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აკურთხა.

"რახან იყო ხალხის თხოვნა, ეს თხოვნა შესრულდა. ჩვენ შევასრულეთ კურთხევის წესი და ღვთისაგან იკურთხა ეს ტაძარი. თუ გვინდა ჩვენ ერთობა უფალთან, უფლის კურთხევით უნდა ვიმოქმედოთ, თვითნებურად არა", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.

წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად მამა გიორგი გურული იქნა დადგენილი.

ეკლესიის კურთხევას და საზეიმო წირვა-ლოცვას ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა.

აღნიშნული ტაძარი რუსთავში 2015 წლიდან შენდებოდა. ეკლესიის მთავარი ქტიტორი რუსთაველი მამუკა ტარტარაშვილია.