მინისტრის მოადგილე: რუსთავში სპორტის სასახლე აშენდება [photo]

2021-03-05 16:53:44

ამჟამად მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტი და ვართ სამშენებლო კომპანიის შერჩევა-შეფასების რეჟიმში. ეს არის მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი ქალაქ რუსთავში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებისა და ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარულთათვის გადაიქცევა ძალიან საინტერესო ადგილად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რუსთავში სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც ბეგიაშვილმა "ინფო რუსთავს" უთხრა, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულების ეტაპზეა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მალე დაიწყება.

"პროცედურა მიდის, ალბათ ძალიან მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას და სამუშაოებიც დაიწყება", - განაცხადა ბეგიაშვილმა. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ელექტრონულ ტენდერებში ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც სპორტის სასახლე უნდა ააშენოს, უკვე გამოვლენილია.

სატენდერო პირობების თანახმად, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 19 500 000 ლარია და შემსრულებელ კომპანიას სპორტის სასახლის მშენებლობის დასასრულებლად 20 თვიანი ვადა ექნება.

სპორტის სასახლე მე-12 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.

პროექტი "აზიის განვითარების ფონდის" მიერაა დაფინანსებული.

თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლის მშენებლობას ჯერ კიდევ 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2012 წელს შეიცვალა მთავრობა, თუმცა ახალი მთავრობისგან იყო დაპირება, რომ კომპლექსი მაინც აშენდებოდა.

2018 წელს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა, რომ მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა პროექტი არც ამ წელს დაძრულა.

2019 წელს მე-12 მიკრორაიონში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და დაანონსდა, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა 10-12 თვეში დასრულდებოდა, თუმცა, მკითხველმა კარგად იცის, რომ რუსთავში ჯერჯერობით სპორტის სასახლე არ აშენებულა.

ფოტოებში ნახავთ, როგორი უნდა იყოს სპორტის სასახლე, დაწვრილებით ინფორმაციას კი ამასთან დაკავშირებით წაიკითხავთ მითითებულ ბმულზე.