რუსთავის ავტობანი გაიხსნა

2021-02-28 16:53:22

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე საპროტესტო აქცია დასრულდა და საავტომობილო გზაც გაიხსნა.

აქციის მონაწილეებმა გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან, შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

აქციის მონაწილეები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებენ, სადაც შოთა რეხვიაშვილს მათ მთავარ მოთხოვნას გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში საპროტესტო აქცია "პროტესტი საწვავის ფასს" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები ხმოვანი სიგნალებით შემოიარეს, შემდეგ კი შარტავას გამზირზე ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მას შემდეგ, რაც მათთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირები არ გავიდნენ, აქციის მონაწილეებმა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი გადაკეტეს და 1 საათის განმავლობაში გზაზე ავტომობილთა მოძრაობის სრული ბლოკირება მოახდინეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა მოხდეს საწვავზე ფასის კლება.

 




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები