საავტომობილო კოლონა რუსთავში [photo]

2021-02-24 18:04:13

რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერი საავტომობილო სვლა მოეწყო.

კოლონამ სტარტი თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან აიღო და სვლა რუსთავში N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაასრულა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საბოლოოდ იმ საკნის ფანჯარასთან გაჩერდნენ, სადაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია მოთავსებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: თავისუფლება ნიკას.

მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია: გათავისუფლდეს პატიმრობიდან ნიკა მელია და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელიას სანახავად მისი ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იყო მისული. უფლებადამცველის თქმით, ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს.

"ნიკა არის ძალიან ამაღლებულ განწყობილებაზე, თავს გრძნობს მხნედ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უპრეცედენტო გამოხმაურებაზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რომელიც ახლდა ამ სიგიჟეს, რომელიც ქართულმა ოცნებამ გუშინ ჩაიდინა. გავიარეთ ყველა განცხადება და გამოხმაურება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარამენტის, კონგრესის, ევროკავშირისა და ევროპარლამენტარების განხადებები. ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ საქმეზე",- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატი დარწმუნებულია და რომ ბრძოლა მათი დასრულდება გამარჯვებით. მისი თქმით, ნიკა მელიასას საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობენ პოლიტიკოსები და არა სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, საქმე არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები