"ეგ ამბავი რომ გავიგე, თან ვტიროდი და თან მიხაროდა. მიხარია ის, რომ სამართალი აღსრულდა და ვტირი იმის გამო, რომ ჩემი მედია აღარ გაცოცხლდება", - ასე ეხმაურება შატილის გზაზე ავარიის დროს გარდაცვლილი რუსთაველი მედეა დევსურაშვილის დედა ლიკა სიმონიშვილი საქმეზე 2 პირის დაკავებას.
მისი თქმით, შატილის გზაზე მომხდარ ავარიასა და 17 ადამიანის გარდაცვალებაში სწორედ ეს 2 ადამიანია დამნაშავე.
"ყველაფერში ეს 2 ადამიანია დამნაშავე. 3 თვის თავზე ჯერ კიდევ გარდაცვლილი მძღოლის წინააღმდეგ იყო საქმე აღძრული, სანამ ჩვენ ადვოკატი არ ჩავრთეთ და ბრძოლა არ დავიწყეთ. ეგ ამბავი რომ გავიგე, თან ვტიროდი და თან მიხაროდა. მიხარია ის, რომ სამართალი აღსრულდა და ვტირი იმის გამო, რომ ჩემი მედია აღარ გაცოცხლდება. მე არ მინდა არავის არც ციხეში ჯდომა და არც წვალება, მაგრამ ადამიანი, რომელიც თავს დამნაშავედაც ვერ გრძნობს, მაშინ, როდესაც 17 ადამიანი მიწას ამოაფარა, იმისი ადგილი ციხეშია იმიტომ, რომ ის კიდევ გაამწარებს ჩემსავით ძალიან ბევრ ადამიანს. ეგ რომ აღარ მოხდეს და სხვების სიცოცხლე დამეცვა, ჩემი ვალდებულება იყო ამის გაკეთება", - განაცხადა ლიკა სიმონიშვილმა.
ინფორმაციისთვის, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.
დაკავებულია ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე.
მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.