ასეულობით ავტომობილი რუსთავის მომსახურების სააგენტოსთან [photo]

2021-02-24 12:29:30

რუსთავის შემოსასვლელში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო რიგია წარმოქმნილი.

ასობით ავტომობილი რიგში რამდენიმე საათია დგას. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა "ინფო რუსთავს" უთხრა, ის მომსახურების სააგენტოსთან დილის 07:00 საათოდან მივიდა.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ რიგში ძირითადად დგანან ავტოიმპორტირები, რომელთაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება სურთ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ცდილობს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ავტოიმპორტირების ხელშეწყობის მიზნით, ვადებთან დაკავშირებით ცვლილებები რამდენჯერმე განახორციელეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს,  რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, გარკვეული პერიოდულობით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელები თავდაპირველად დეკლარირების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ აღნიშნული შეღავათი გავრცელდა, ასევე, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ მფლობელებს განბაჟების ვადა ჯერ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ", - განაცხადეს სამინისტროში.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ თუ ვადების გადაწევასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ისინი განცხადებას წინასწარ გაავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტოსთან ავტომობილების მძღოლებს რიგში დგომა სხვა სერვისების მისაღებადაც უწევთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები