ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს

2021-02-16 15:43:17

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერეს.

დადგენილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონმდებლებმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

კენჭისყრას წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რომელიც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა.

აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები