დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას მაშინ გასცემს, როცა ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება.
მისი განმარტებით, თავად სტაბილურობა იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მაჩვენებელი მთელ ქვეყანაში, მათ შორის გარდაცვალების მაჩვენებელი, რეანიმაციაში ავადმყოფების რაოდენობა, ინციდენტობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე მიერთებულ ავადმყოფთა რაოდენობა იქნება ისეთი, რაც უწყებათშორის საბჭოს მისცემს საშუალებას, შემდეგი ნაბიჯი გადადგას.
„ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა რეკომენდებული არ არის. ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, სკოლებში სწავლა დაიწყო. უნდა დავაკვირდეთ შედეგებს და შემდეგ ვიფიქროთ შემსუბუქების გაგრძელებაზე“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.