რუსთავში ყოფილი პოლიციელი დააკავეს

2021-02-17 00:20:41

რუსთავში, სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით, რომელიც ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებითაა ჩადენილი, ყოფილი სამართალდამცველი დააკავეს.

25 წლის მამაკაცს რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც 18 წლის გოგონას ადვოკატმა ანი კეკენაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ფაქტი მედიაში გაჟღერდა.

"11 იანვრის შემდეგ გრძელდება ეს ამბავი, ამდენი ხნის განმავლობაში არ მოხდა არც გოგონას დაზარალებულად ცნობა, არც ბრალდებულის დაკავება. ახლა დაჩქარებული წესით მისი დაკავება, სავარაუდოდ, მედიაში ამბის გავრცელებამ გამოიწვია და ჩვენმა აქტიურობამაც ალბათ გამოიღო შედეგი. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, თუმცა დასაბუთებული ვარაუდით მისი დაკავება მაინც მოხდა. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ მომხდარიყო მის მიმართ მინიმუმ გამოძიების დაწყება, იმიტომ, რომ საფრთხეებს ვხედავდით", - განაცხადა ანი კეკენაძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველი 18 წლის გოგონა და მისი ოჯახი აცხადებს, რომ გოგონაზე პოლიციის თანამშრომელმა სექსუალურად იძალადა. როგორც დაზარალებულის დედა ყვება, მომხდარის გამო გოგონამ თვითმკვლელობაც სცადა.

წაყენებულ ბრალს არ აღიარებს ყოფილი სამართალდამცველი. ბრალდებულის ადვოკატი, შოთა გელაშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისივე ინფორმაციით,  მამაკაცი ამბობს, რომ ადგილი აქვს პროვოკაციას.