რუსთავის მერიის შენობაზე საპროტესტო ბანერი გადმოფინეს [video]

2021-02-12 18:20:31

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის მერიის შენობაზე გადმოფინეს ბანერი წარწერით - "აქცია თუ კანონი". [ვიდეო/video]

წარწერით ირკვევა, რომ სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს მოთხოვნა გარემოსდაცვით კანონთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და ამიტომაც აირჩიეს აქცია, რომელიც ხვალ, რუსთავის მერიასთან გაიმართება.

როგორც "გავიგუდეთ"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ მუსერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი ხელისუფლების მიმართ და თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, დასახელდეს გამკაცრებული კანონპროექტის მიღების ზუსტი ვადა, ისინი საპროტესტო ბანერებს გადმოფენენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან და პროტესტს უფრო ფართო მასშტაბს შესძენენ.

"ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისთვის. თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ იგივეს პარლამენტთან და კანცელარიასთანაც გავაკეთებთ, უფრო ფართო მასშტაბით, რადგანაც გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა", - აცხადებს ნიკოლოზ მუსერიძე.

კითხვაზე, აქცია თუ კანონი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე პასუხობს, რომ: "რა თქმა უნდა, კანონი".

ლაცაბიძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ კანონს პარლამენტი მარტის 1-ელ რიცხვებში მიიღებს და იმის მიზეზად, რომ ხელისუფლების დაპირება ამ პროექტთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვერ შესრულდა, ტექნიკურ დეტალებს ასახელებს.

"შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა, თითქოს ამ კანონის მიღება არ სურს ხელისუფლებას.

ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც იყო დაპირება საშემოდგომო სესიაზე მიღებასთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, შეიცვალა პარლამნტის შემადგენლობა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული წესი, რომ მე-9 მოწვევაში არსებული კანონპოროექტების მიზანშეწონილობის ცნობის შემდეგ, დგება უკვე მე-10 მოწვევაში მათი გაგრძელების საკითხი. ეს პროცესი არის დაწყებული. ორშაბათს უნდა დადგეს ბიუროზე, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა გავიტანოთ კომიტეტზე, კომიტეტის მოსმენა გაიმართება 22-23-ის კვირაში და შემდეგ უკვე შეგვიძლია მესამე მოსმენით გავიტანოთ პირველივე სასესიო კვირას. ეს არის მარტის 1-2 რიცხვები.

ეს აქცია გაიმართება თუ არ გაიმერთება, გარკვეულ ვადებს მოგცემენ თუ არ მოგცემენ, ამ პროექტს მაინც მივიღებთ და ეს იქნება ყველაზე დაჩქარებული წესით, რაც შეიძლება რეგლამენტით იყოს" - განაცხდა ლაცაბიძემ.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე ლაცაბიძის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ მოსახლეობას მეტი კონკრეტიზაცია სჭირდება.

"ჩვენ ვიცით, რომ კანონი იქნება, მაგრამ ეს ვიცით არის აბსტრაქცია. ამ აბსტრაქციის არ გვჯერა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჭკუა ვისწავლეთ. ერთხელ მოგვატყუეს, ორჯერ მოგვატყუეს, სამჯერ მოგვატყუეს...

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჩვენ ისევ ვიცით ამ ყველაფრის შესახებ, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად იქნება თუ არა, ამიტომ საჭიროა და აუციელბელია ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტიკა.

დავინახეთ გასულ წელს, რომ შესაძლებელი იყო კანონის მიღება და არ მიიღეს, ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად ნახა. დღესაც შესაძლებელია და ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, რა თქმა უნდა, ამ კანონს არ მიიღებენ.

აუცილებლად ჩავრთავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საკითხში, ძალიან  დიდი მხარდაჭერა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის. ჩვენ უბრალოდ ქვეყნის რეპუტაციას ვუფრთხილდებოდით ამდენი ხნის განმავლობაში, თუმცა, არ უფრთხილდებიან ეს ადამიანები", - აცხადებს მუსერიძე.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები