დაჯარიმდება თუ არა ახლადგახსნილი საწარმო რუსთავში

2021-02-11 18:55:45

რუსთავში, ახლადგახსნილი "ქართლი ტექსტილის" საწარმო შესაძლოა დაჯარიმდეს.

როგორც სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ" ფეისბუქ გვერდზე წერს, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე  ნარჩენების განადგურება ღია წესით ხდებოდა, რაც კანონდარღვევაა.

"სამშენებლო და სავარაუდოდ სახიფათო ნარჩენებსაც უდარდელად ანადგურებდნენ. მოვუწოდეთ, რომ ჩაექროთ ცეხლი, მაგრამ არ ჩააქრეს, შემდეგ დავრეკეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, ადგილზე მოვიდა ეკიპაჟი და გამოავლინა დარღვევა", - წერს "გავიგუდეთ".

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სამსახურში აცხადებენ, გამოვლინდა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი და საწარმოს წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

"მიმდინარე წლის 10 იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ შპს "ქართლი ტექსტილის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე გამოვლინდა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი, შედგა შესაბამისი აქტი, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება", - განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამასახურში.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საწარმომ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ-დანადგარში დაწვის მუხლი დაარღვია, რაც სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარით იწვევს.

ფოტო: "გავიგუდეთ"

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები