საქართველოში ოქრო კიდევ გაძვირდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ე.წ. ოქროს ბირჟაზე განუცხადეს, ერთი გრამი ოქროს ფასი, დაახლოებით, 20 ლარით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ამოქმედებამდე, უმაღლესი ხარისხის გრამი ოქრო 130 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 150 ლარია.
სპეციალისტები ოქროს ფასის რეკორდულ ნიშნულზე მიღწევას გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს, ლარის კურსის არამდგრადობას და კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებას ასახელებენ.
"ინფო რუსთავი" რუსთავის ე.წ. ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის ნაკეთობებით მოვაჭრე რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ოქროზე ფასები შენარჩუნებული აქვთ, რადგანაც ნაკეთობები ძველ ფასებში იყიდეს, თუმცა, მათი თქმით, ძვირფასი ლითონის სამკაულებზე ღირებულებების გაზრდა ძალიან მალე მოუწევთ.