საშეღავათო მგზავრობის ტარიფი რუსთავის ავტობუსებზე

2021-02-08 10:16:09

60 000-მდე რუსთაველი ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს შეღავათიანი ფასით ისარგებლებს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, განუცხადა.

"ტარიფი არის დიფერენცირებული კატეგორიების მიხედვით. სხვადასხვა ჯგუფზე სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. გარდა ამისა, თითოეულ მომხმარებელს შეღავათების მიხედვით გადაეცემათ სამგზავრი ბარათები, რომელსაც უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურე კომპანია...

საშეღავათო ფასები იწყება 10 თეთრიდან, არის 20 თეთრიც. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ დაემატოს გარკვეული ჯგუფები. არის კიდევ სრულიად უფასო გარკვეული კატეგორიისთვის, ესენია ვეტერანები და შშმ პირები",- განაცხადა რუსთავის მერმა.

შეგახსენებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით, პირველი სამი კვირის განმავლობაში, ყველა რუსთაველი ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

ხოლო მას შემდეგ, რაც მგზავრობაზე ტარიფი დაწესდება შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს

2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირები

3. სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) მქონე პირები

4. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების თანამშრომელი:

1. რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები

2. ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“

3. ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“

4. ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“

5. ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმი“

6. ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“

7.  ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“

8. ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები

10. რუსთავში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები