რუსთაველი დახმარებას ითხოვს

2021-02-01 22:27:50

რუსთაველი ტრაილერის მძღოლი ანარ ახმედოვი თითქმის ერთ თვეა ირანიდან საქართველოში ვერ ბრუნდება.

ის ერთ-ერთია საქართველოს 50-მდე მოქალაქეს შორის, რომლებიც ირანის საზღვარზე არიან გაჩერებულები და ირანული მხარე ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

ახმედოვი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ მას არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ კიდევ დიდხანს დაელოდოს საელჩოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

მისი და რამდენიმე ტრაილერის მძღოლის სასტუმროში ყოფნის ხარჯები ასანაზღაურებელია, რის სანაცვლოდაც სასტუმროში მათი პირადი დოკუმენტებია აქვთ დატოვებული და სანამ თანხას არ გადაიხდიან მანამდე დოკუმენტებს უკან არ დაუბრუნებენ.

"გუშინწინ იყო 30 კაცი, გუშინ ჩამოვიდა კიდევ 2. საქართველოდან უშვებენ მძღოლებს, ირანიდან საქართველოში კი არა. ჩვენი, მძღოლების, პასპორტები დატოვებული აქვს სასტუმროში. ფული არ არის გადახდილი. დაგვეხმარონ საქართველოში დაბრუნებაში. თუ საქართველოში ვერ გვაბრუნებენ საკვებისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯები გადაიხადონ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ანარ ახმედოვმა.

შეგახსენებთ, სამ კვირაზე მეტია საქართველოს 50-მდე მოქალაქე ირანიდან ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. როგორც "ინფო რუსთავს" მძროლებმა განუცხადეს, მათი ირანში დაყოვნების მიზეზი არის ის, რომ საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გამო ირანელებისთვის საზღვარი აქვთ ჩაკეტილი და მათ ტრაილერებს ქვეყანაში შემოსვლა არ შეუძლიათ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები