როდიდან გაიწვევენ რუსთაველებს ჯარში

2021-02-01 16:31:53

1 თებერვლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. პროცესი 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ თათარაძემ განუცხადა, რუსთავში საგაზაფხულო გაწვევის პროცესს 9 თებერვლიდან დაიწყებენ.

"ვფიქრობთ, რომ 9 თებერვლიდან დავიწყებთ უკვე გაწვევებს. პროცედურულად, შეიქმნება გამწვევი ადგილობრივი კომისია და ამის შემდეგ დავიწყებთ", - განაცხადა თათარაძემ.

მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, შემოდგომაზე რუსთავიდან, კოვიდპანდემიის მიუხედავად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 170 ახლგაზრდა გაიწვიეს.

მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საშემოდგომო გაწვევის დროს დაფიქსირდა კომისიაზე ვერ გამოცხადების შემთხვევები, რაც პანდემიასთან იყო კავშირში და საპატიოდ ჩაითვალა.

თათარაძე ასევე აღნიშნავს, რომ რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრობის გამო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდა 80 პირი.

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საგაზაფხულო გავევაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 585-ით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1333-ით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 150-ით.

საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიწვევიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები დადგენილების ამოქმედების დღიდან (1 თებერვლიდან) ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. ხოლო მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.