საქართველო ისრაელისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

2021-02-01 02:00:58

საქართველოს მთავრობა ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის დროს დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობა ისრაელიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის დაწესებულ რეგულაციებს ამსუბუქებს.

პირველი თებერვლიდან ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით აცრილები არიან და ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ, საქართველოში ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შემოვლენ. ეს ეხებათ, როგორც ისრაელის მოქალაქეებს ასევე იქ მცხოვრებ პირებსაც.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში ყოფნის ვალდებულება ეხსნებათ ისრაელიდან ჩამოსულ იმ ვიზიტორებსაც, რომლებიც არ არიან აცრილები. თუმცა მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ასევე საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებულები არიან განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტირება",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები