ვის შეეძლება მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა

2021-01-31 12:58:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას პირველი თებერვლიდან იწყებს და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებულ, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში მოემსახურება.

პირველი თებერვლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.

მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით.

ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.

დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში (გარდა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების სერვისისა), ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

რა მომსახურების მიღება შეგიძლიათ 1 თებერვლიდან. ნახეთ ბმული.