"25 დღეა მანქანაში გვძინავს"

2021-01-30 22:26:46

სამ კვირაზე მეტია საქართველოს 50-მდე მოქალაქე ირანიდან ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მათ შორისაა 2 რუსთაველი ტრაილერის მძროლი.

როგორც "ინფო რუსთავს" მძროლებმა განუცხადეს, მათი ირანში დაყოვნების მიზეზი არის ის, რომ საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გამო ირანელებისთვის საზღვარი აქვთ ჩაკეტილი და მათ ტრაილერებს ქვეყანაში შემოსვლა არ შეუძლიათ.

"ირანელები ამბობენ, რომ სანამ ჩვენი მანქანები არ შევა საქართველოში, თვენ არ გაგიშვებთო. დილით ვიყავით საბაჟოს უფროსთან და კვითხეთ რა ხდებოდა, აპირებდნენ თუ არა ჩვენს გაშვებას. მან მიპასუხა, ჩვენთან ნუ მოდიხართო აზრი არაა აქვსო, წადით და თქვენს საელჩოსთან გაარკვიეთო და გაგვიმეორა კიდე, რომ სანამ ირანელ ტრაილერის მძღოლებს საქართველოში არ შეუშვებენ, მანამდე თქვენც ვერ გაგიშვებთო. 25 დღეა მანქანაში მძინავს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთაველმა ტრაილერის მძღოლმა ანარ ახმედოვმა.

ირანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ამ დროისთვის საქართველოს 50-მდე მოქალაქეა გაჩერებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსული გიორგი სახლთხუციშვილი ადგილზე ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა.

მისი თქმით, უკვე განხორციელდა რამდენიმე მანქანის გამოშვება და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

ამასთან, საქართველოს საელჩო ირანში აგრძელებს შესაბამის უწყებებთან მუშაობას, მძღოლების საქართველოში დაბრუნების პროცესის დასაჩქარებლად.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები