რამ გამოიწვია რიგები რუსთავის მომსახურების სააგენტოსთან

2021-01-29 15:19:21

რუსთავის შემოსასვლელში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილის საათებში საავტომობილო რიგი იყო წარმოქმნილი.

ასობით ავტომობილი რიგში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, სატრანსპორტო საშულებების მძღოლები მომსახურების სააგენტოს სერვისის, კერძოდ კი, ავტომობილების საკუთრებაში გაფორმების მიზნით იდგნენ რიგში.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და საგზაო მოძრაობას აწესრიგებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საკითხთან დაკავშირებით კომენტარიის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა, ჩვენი ინფრომაციით, მომსახურების სააგენტო დღეგამოშვებით მუშაობს, რასაც მოქალაქეები რიგების წარმოქნის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ.

ამ დროისთვის, სერვისების უმეტესობაზე წვდომა შეზღუდულია. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა სახის შეზღუდული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის 1 თებერვლიდან განახლდება. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სერვისცენტრებში ვიზიტისგან თავი შეიკავონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით, თანმხლები პირების გარეშე გამოცხადნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები