არ გამოვრიცხავ პროვოცირებები ხდებოდეს, მაგრამ ბრძენია მთელი შემადგენლობა საქართველოს მოსახლეობის - ასე უპასუხა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა "ინფო რუსთავის" მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ბოლო დროს რეგიონში ეთნიკური ნიშნით განვითარებულ კონფლიქტებს შეეხებოდა.
რეხვიაშვილმა ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ თემასთან, მარნეულში არსებულ სადაო მიწებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიწის რეფორმა უკვე დასრულებულია.
"მიწის რეფორმა ჩატრადა, ის უკვე დასრულებულია და ახლა ეს გაუმჭვირვალე პროცესები ნამდვილად არ გამოვა, რაც არ უნდა აპროტესტოს ვინმემ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კომუნიკაციაში არ ვართ, ჩვენ კომუნიკაციაში ვართ და ცენტრალური ხელისუფლება სრულად ინფორმირებულია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ზოგადად არის მხარეში. მიწა არასდროს არ ყოფნის მარნეულის მოსახლეობას და უნდა უფროდაუფრო მეტი, თუმცა, ამას თავისი პროცედურები აქვს, რასაც ყველა უნდა დაემორჩილოს. არავითარი საფუძველი ეთნიკური კონფლიქტების ქვემო ქართლში და საქართველოში არ არის, შეიძლება ვინმეს ძალიან უნდოდეს და არ გამოვრიცხავ, პროვოცირებები ხდებოდეს, მაგრამ ბრძენია მთელი შემადგენლობა საქართველოს მოსახლეობის და არ აყვება არავითარ პროვოკაციებს. ჩვენ ვართ მყარად, მშვიდობიან გარემოში, ეფექტურად ვთანამშრომლობთ, არის აბსოლუტური გაგება და ჰარმონია", - აღნიშნა რეხვიაშვილმა.
აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გუსიევმა კი განაცხადა, რომ ნებისმიერ პრობლემას საქართველოს მთავრობა აკონტროლებს.
"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე ქვეყანა ეთნიკურად აზერბაიჯანელების კეთილდღეობაზე ზრუნავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ასეთი პრობლემები საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ არის და საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს", - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.
შეგახსენებთ, მარნეულში დაპირისპირება მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის რამდენიმე დღის წინ მიწების საკუტრების გამო დაიწყო, 3 დღიანი აქციები მოლაპარაკების გზით დასრულდა.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ გაგის ციხიდან ჯვარი გაუჩინარდა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.