გექნებათ თუ არა სწავლის გაგრძელების საშუალება ონლაინ

2021-01-26 14:28:29

ბოლო დღეების განმავლობაში, ყველაზე ხშირად ისმის მშობლების მხრიდან კითხვა - აქვთ თუ არა სკოლებს უფლება ინდივიდუალურად გადაწყვიტონ დარჩებიან დისტანციურ სწავლებაზე თუ გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში; ან იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კონკრეტული კლასი გადაწყვეტს სწავლა გააგრძელოს დისტანციურ რეჟიმში, მისცემს თუ არა ამის უფლებას მას სამინისტრო.

აღნიშნული კითხვა დისტანციურ რეჟიმში სწავლების გაგრძელებასთან დაკავშირებით აქვთ სტუდენტებსაც.

„ინფო რუსთავმა“ ამ კითხვით განათლების სამინისტროსა მიმართა. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ: "სკოლების შემთხვევაში ცოტა სხვა სპეციფიკაა და უნივერსიტეტების შემთხვევაში სხვა. უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით გაკეთდება საერთო განცხადება სწავლის აღდგენასთან ერთად, იმიუტომ, რომ ძირითადი უნივერსიტეტები ახლა საგამოცდო პერიოდში იმყოფებიან. რაც შეეხება სკოლას, რადგანაც ეს სიტუაცია, რაც ამ მოცემულობით გვაქვს, იცვლება, მათთვის რეკომენდაციების განახლება მიმდინარეობს. ყოველი ეტაპისთვის, სამინისტრო რაღაც ტიპის რეკომენდაციებს შეიმუშავებს იმის მიხედვით, რა მოცემულობაა ქვეყანაში, რახან ეს მოცემულობა იცვლება, ამ მომენტში, დაზუსტება მიმდინარეობს რიგი საკითხებისა და მათ შორისაა ეს საკითხიც".

შეგახსენებთ, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, როგორც მინისტრი ამბობს,  საკლასო ოთახებში სწავლის განახლების  გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ კორონავირუსის მაჩვენებელი პირველ მარტამდე, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში,  4-პროცენტიან მაჩვენებელზე ჩამოვა.