მოიხსნება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე

2021-01-26 11:49:46

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ჯერჯერობით შეზღუდვა არ მოიხსნება.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რეგიონებსა და ქალაქებს შორის მობილობის საკმაოდ მაღალი კონტრიბუტორია. როგორც ცქიტიშვილი ამბობს, მობილობა როგორც ქალაქებს შორის, ისე რეგიონებს შორის, ჯერჯერობით საკმაოდ დაბალ დონეზე უნდა დარჩეს.

”იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა მაშინ, როდესაც იმერეთში ჯერ არ არის ისეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აქტიურად ამოქმედდება, ძალიან სწრაფად მოხდება ვითარების გაუარესება იმ რეგიონებში, სადაც დღეს უკეთესი ვითარებაა. ამიტომ, მობილობა როგორც ქალაქებს შორის, ისე რეგიონებს შორის, ჯერჯერობით საკმაოდ დაბალ დონეზე დარჩება მანამდე, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ხომ არ იქნება დაშვებული რაიმე სახის გამონაკლისი რუსთავი-თბილისის მიმართულებით გადაადგილებაზე, თუმცა, ადგილობრივ კომპანია "ინტერტრანსში", რომელიც ამ მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ახორციელებს, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ტრანსპორტის გადაადგილების აღდგენაზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.