კეკენაძე: ჯღარკავა გულისხმობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო

2021-01-23 22:59:26

"ეს არის ცუდი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ", - ასე ეხმაურება ადვოკატი ანი კეკენაძე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, გიგა ჯღარკავას ფეისბუქ პოსტს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება.

ჯღარკავამ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ეხებოდა ომის დაწყების საკითხს. პოსტში საკრებულოს წევრი წერს, რომ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, როგორ ვითარდებოდა 2008 წელს მოვლენები.

"ეს არამხოლოდ რუსეთზე, არამედ უსამართლობაზე გამარჯვებაა საერთაშორისო ჭრილში... კითხვებს, მათ შორის მწვავეს, ნელნელა ჩვენს სამშობლოშიც გაეცემა პასუხები.

p.s. ევროპული სასამართლოს ეს განაჩენი არ ამბობს არაფერს ომის დამწყებზე, ეს სხვა რამეა (ანგაჟირებულთათვის), ისე კი ვინ დაიწყო და როგორი იყო პროცესი კარგად ვიცით ყველამ, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, მეხსიერება კი საერთოდაც არ არის მოკლე", - წერს გიგა ჯღარკავა.

ადვოკატ ანი კეკენაძის თქმით, პოსტში საკრებულოს წევრი გულისხმობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"პოსტში ამბობდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს და ეს თითქოს ქართველ მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს. თუმცა, გამოვიდა საპირისპირო გადაწყვეტილება, რომელიც აღიარა მთელმა მსოფლიომ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გიგა ჯღარკავას ეს პოსტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო დავალებას, რომელსაც ახორციელებენ რიგითი წარმომადგენლები. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც დეპუტატი აკეთებს ასეთ განცხადებებს. ვთვლი, რომ ასეთი მესიჯები არის ძალიან ცუდი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა ანი კეკენაძემ.

"ინფო რუსთავი" კომანტარსთვის გიგა ჯღარკავას დაუკავშირდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მეტი კონკრეტიზაცია საკითხთან დაკავშირებით არ ისურვა და აღნიშნა, რომ პოსტი ალეგორიული ხასიათის იყო.

"ნამდვილად უდიდესი გამარჯვებაა ეს საქართველოსი. საერთაშორისო არენაზე ყველასთვის სამართლებრივად ნათელი გახდა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს ერთი და რაც შეეხება პოსტის მეორე ნაწილს, მე საჯარო სივრცეშიც კონკრეტულად ხაზი არ გავუსვი, ამ ყველაფერს თავისი კულტურა აქვს ბუნბრივია. ასე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ასეთი უნდა ყოფილიყო ზუსტად ეს პოსტი.

ვგულისხმობდი იმას, რომ მეხსიერება ქართველ ხალხს აქვვს ძალიან კარგი და ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ. ვინ ისროლა პირველად, სად ჩამოვარდა პირველი ჭურვები, ვინ იცავდა თავს, რას აკეთებდა იმ დროს მოსახლეობა, რა ბრძანებები იყო გაცემული და ვინ ხელმძღვანელობდა თითოეულ ოპერაციას, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით", - განაცხადა გიგა ჯღარკავამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გგადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული დავა მოუგო.