ცნობილია ჩატარდება თუ არა ვაქცინაცია რუსთავში

2021-01-24 00:04:55

როგორ და სად ჩატარდება ვაქცინაცია - ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი - ჯანმოს ან მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ უნდა იყოს აღიარებული. როგორ და სად მოხდება ვაქცინაცია - როგორც გითხარით, ტექნოლოგიურად, ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის გამართული, რომ ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს და პროცესი არ შეფერხდეს.

მაგრამ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი - მინუს 80-იან ვაქცინას კომპლექსური ცივი ჯაჭვი სჭირდება და მისი მიწოდება რაიონულ დონეზე გართულება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჰოსპიტლები შეირჩა და უკვე მიმდინარეობს პერსონალის ინფორმირება, რათა ისინი მოემზადონ და ვაქცინაცია განხორციელდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მთავრობა მობილური ბრიგადების მობილიზების საკითხსაც განიხილავს, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იმ ბენეფიციარებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში იმყოფებიან.

„თუ გადავალთ ფართომასშტაბიან მოცვაზე და რაიონულ და სოფლის დონეზე ვისაუბრებთ ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის. ჩვენს გეგმაშიც არის ეს განხილული, რაც იქნება უკვე იმ ეტაპზე, როდესაც დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას - უფრო მეორე კვარტლის შემდეგ, როდესაც პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და ორიდან რვა გრადუსამდე ვაქცინით გვექნება გაფართოებული შესაძლებლობა“, - აღნიშნა თარამ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დეტალურად არის გაწერილი, რამდენი ბრიგადა როგორ იმუშავებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის მოცვით სასურველ გეგმას მივაღწიოთ.

„ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.

„ტრენინგების პროცესი უკვე დასრულებულია და ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

"დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ექიმები ქვეყანაში არსებულ პროცესს წარმატებით მართავენ.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში კორონავირუსის მნიშვნელოვან სტაბილიზაციას. საწოლფონდთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი სურათი: დღეს სტაციონარში მკურნალობას გადის 3,499 ადამიანი. საერთო ჯამში კი კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა და აღსანიშნავია, რომ ექიმები პროცესს წარმატებით მართავენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.