"ერთერთი მთავარი პრობლემა უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობაა" [photo]

2021-01-20 18:58:02

რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა მოვლისა და მათი პოპულაციის მართვის ახალ მიდგომებზე მუშაობა მიმდინარობს.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქში ერთერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, მიუსაფარი ცხოველების დიდი რაოდენობაა.

ლაცაბიძემ რუსთავში არსებული ცხოველთა თავშესაფარი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას.

მაჟორიტარის თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უნდა მოგვარდეს ისე, რომ არ მოხდეს ცხოველთა უფლებების დარღვევა.

"მოქალაქეებთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა ერთერთი მთავარი პრობლემა, ესაა უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობა ჩვენს ქალაქში. დღეის მონაცემებით 7000-ზე მეტი უპატრონო ძაღლია ქალაქში.

დღეს დავათვალიერე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურა, ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც გვაქვს რუსთავში.

ვაპირებ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსთავში, რომლებიც მუშაობენ ცხოველთა უფლებების დაცვაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტი ძალიან მალე გადადგავს კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო უსაფრთო, იყოს რაც შეიძლება ნაკლები ძაღლი და ცხოველების უფლებები, რა თქმა უნდა, იყოს დაცული",- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

თავშესაფარი ნინო ლაცაბიძესთან ერთად ქალაქის მერის მოადგილემ ბესო ტოგონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემაც დაათვალიერეს.

ტოგონიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და კვალიფიციური კადრების დამატებას გეგმავს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები