თურქ ტელეწამყვანს, მწერალსა და რელიგიური სექტის ლიდერს, ადნან ოკტარს, სტამბულის სასამართლომ 1075 წლიანი და 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
64 წლის მამაკაცს, რომელიც 2018 წლიდან პატიმრობაში იმყოფება, ბრალად წარდგენილი აქვს: სექსუალური ძალადობა ქალებსა და არასრულწლოვნებზე, თაღლითობა, პოლიტიკური და სამხედრო შპიონაჟი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ძალის გამოყენებით, წამება, დოკუმენტების გაყალბება, კონტრაბანდა და სხვა.
სასამართლომ ოკტარის გარდა, მისი ორგანიზაციის კიდევ ორ ლიდერს მიუსაჯა თავისუფლების აღკევეთა. კერძოდ, ტარკან იავაშს 211 წელი და ოკტარ ბაბუნას 186 წელი.
ადნან ოკტარს ასევე ბრალად ედება ამერიკაში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის დახმარება, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო 2016 წელს წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
რელიგიური სექტის ლიდერთან ერთად სასამართლომ მისი ორგანიზაციის კიდევ 236 წევრი გაასამართლა.
სასამართლო პროცესებს თურქული მედია აშუქებდა. დეკემბერში ერთ-ერთ პროცესზე 64 წლის ოკტარმა განაცხადა, რომ 1000-მდე შეყვარებული ჰყავდა.
"ჩემს გულში ქალებისადმი გადამეტებული სიყვარულია. სიყვარული ადამიანის თვისებაა. ეს არის მუსლიმის თვისება",- განაცხადა ოკტარმა.
პირველად ადნან ოკტარი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 1990-იან წლებში მოექცა, როცა ის და მისი რელიგიური სექტა სხვადასხვა სახის სექსუალურ სკანდალში გაეხვა.